სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის ამოქმედებას იმედოვნებს

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის ამოქმედებას იმედოვნებს

სომხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის გაშვებას იმედოვნებს. newsarmenia.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა გამოცემა „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო დერეფნის შესახებ „ყოფილი ქართული ავტონომიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით“.

„მსგავსი განცხადებები დიდი ხანია კეთდება. პროცესი დამოკიდებულია, პირველ რიგში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე. კონკრეტული შედეგი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც სავაჭრო დერეფნები მართლაც გაიხსნება. ვიმედოვნებ, რომ ისინი უახლოეს მომავალში იქნება. დღეისთვის კი, მუშაობა მიმდინარეობს როგორვ საქართველოს, ისე რუსეთისა და შვეიცარიული კომპანია „SGS“-ის მიერ“, - განუცხადა სომეხმა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანი სომხეთს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს „ზემო ლარსის“ ალტერნატივა, რაც შეამსუბუქებს სატვირთო გადაზიდვებს ჩრდილოეთით, წარმოშობს კონკურენციას, რაც დადებითად აისახება საფასო პოლიტიკაზე.