კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლის მტკიცებით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი პატიმარია, - ამის შესახებ ჯეირანლიმ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურა მას ალიევის შეკვეთით პოლიტიკური ნიშნით დევნის. „ლანცეტის“ დირექტორმა აზერბაიჯანული ოპოზიციის დაფინანსებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

"მე ვარ ალიევის პირადი მძევალი და პატიმარი. მეც და ის 6 ადამიანი, ვინც ციხეში ზის, დიქტატორ ალიევის მიერ იდევნება. მე ექიმი ვარ და არანაირ პოლიტიკასთან შეხება არ მაქვს. კლინიკაში როდესაც პაციენტი მოდის, მისი პოლიტიკური წარმომავლობით არ ვინტერესდები. საქართველოს პროკურატურა ალიევის დაკვთით პოლიტიკურად მდევნის. საქმეს, რომელსაც მედავებიან, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ფარმან ჯეირანლიმ.

სასამართლომ კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის ბრალდების საქმე არსებით განხილვაზე დაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. დაცვის მხარე ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღობისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს, 100 000 ლარს სთავაზობდა. სახელმწიფო ბრალდება კი კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რასაც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ასაბუთებდა. საბოლოოდ მოსამართლემ გაიზიარა პროკურორის პოზიცია და ფარმან ჯეირანლი პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა 25 ივლისს ჩაინიშნა.