ხვალ სვეტიცხოვლობაა

ხვალ სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლოცვას დღეს, 19:00 საათზე დაიწყებს, ხოლო ლიტურგიას - ხვალ, 10:00 საათზე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მცხეთაში გასამგზავრებლად მსურველებისთვის ავტობუსები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან ხვალ, 08:30 საათზე გავლენ.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.