მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს

მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს

მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიდიე რეინდერსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კონტაქტებს რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონეებზე კონტაქტებისთვის“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არსებობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელის ხაზით არხი. „მზად ვართ სხვა ფორმატებისთვის, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის“, - განმარტა ლავროვმა.

მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთთან საუბარი და გადაწყვეტილებების ძებნა. „ჩვენ მეზობლები ვართ, ბევრი საერთო გვაქვს ისტორიაში და დღევანდელ დღესაც. ამიტომაც მივესალმებით პარლამენტარების ხაზით ინიციატივას“, - დასძინა მან.