„ქვეყნის შენება არის ძალიან რთული და ნელი პროცესი“ - ზაზა ხუციშვილი „ეისითის“ კვლევაზე

„ქვეყნის შენება არის ძალიან რთული და ნელი პროცესი“ - ზაზა ხუციშვილი „ეისითის“ კვლევაზე

"ყველა ოფიციალური მონაცემი მათ შორის, ეკონომიკურიც უკეთესია, ვიდრე ეს წარსულში იყო." - განაცხადა "ეისითის" მიერ ჩატარებულ კვლევაზე კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას ზაზა ხუციშვილი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა" - სწორედ ეს იყო ის მთავარი დაპირებები, რაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გააჟღერა. არჩევნებიდან 8 თვის თავზე კი თბილისელი მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანა ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშეა.

"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე უკვე დგას.

„რეალურად ქვეყანაში არის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მთელ რეგიონში საუკეთესოა. საქართველოში სხვა ბევრ მიმართულებასთან ერთად დასაქმების კუთხითაც უკეთესობა იგრძნობა. 2014-2016  ლარის გაუფასურებამ მოქალაქეები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გარდა ამისა, ამ წლებში ფულადი გზავნილები შემცირდა. თუმცა ტურიზმის ზრდის და ჩვენი პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით მატება გვაქვს, რაც წინაპირობაა იმისა, რომ მომავალში უკეთესობა იქნება.

რამდენიმე თვეში ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ყველა ფენაზე ვერანაირად ვერ აისახება, ეს პირველ რიგში უნდა აისახოს ბიზნეს სექტორზე და ჩვენმა რეფორმამ მოგების გადასახადის შესახებ ამან უნდა მოიტანოს შედეგი. კერძოდ ის, რომ ბიზნესში დარჩენილმა თანხამ ბიზნესმენებს უნდა მისცეს იმის სტიმული, რომ მათ ახალი სამუშაო ადგილები შექმნან. ქვეყნის შენება ძალიან რთული და ნელი პროცესია. ეს მოკლე ვადაში ვერ მოხდება," - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, „იმ ადამიანებს, ვისაც სამსახური არ აქვს და სოციალურად დაუცველია მათ, რომ თუნდაც ერთ წელიწადში შვება იგრძნონ, მსგავსი რამ კი პრაქტიკაში გამორიცხულია. ჩვენ ამას არც არავის დავპირებივართ."