თუ „ქართული ოცნება“ ამბობს კონსტიტუცია თავზე უნდა გადაგახიოთ, პიკეტირების მეთოდი არსებობს, - პარლამენტის დარბაზს სამი შესასვლელი აქვს

თუ „ქართული ოცნება“ ამბობს კონსტიტუცია თავზე უნდა გადაგახიოთ, პიკეტირების მეთოდი არსებობს, - პარლამენტის დარბაზს სამი შესასვლელი აქვს

“სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის არ არსებობის შემთხვევაში პარლამენტის პიკეტირებას განიხილავს.

აღნიშნულ ინიციატივას გიორგი ვაშაძე დღეს პარტიებსაც შესთავაზებს.

ოპოზიცური პარტიები „დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში“ შეხვედრას მართავენ. აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის არიან: ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, სევდია უგრეხელიძე.

„ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს საერთო პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ ქვეყანამ მიიღოს რეალური კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება და არა მათზე მორგებული დოკუმენტი, რომელიც, ფაქტობრივად, მხოლოდ მათ ინტერესებს იცავს. ჩემი შეთავაზებაა ყველა ოპოზიცურ ძალასთან, თუ კონსენსუსზე არ მიდის „ქართული ოცნება“, თუ ამბობს, რომ მინდა კონსტიტუცია თავზე გადაგახიოთ მთელ საქართველოს, ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივი პიკეტირების მეთოდი არსებობს, სამი შესასვლელი აქვს პარლამენტის დარბაზს, უბრალოდ არ შევუშვებთ დარბაზში, ვერ მისცემენ ხმას მესამე მოსმენით, მორჩა და დამთავრდა, ყოველგვარი ძალადობის, პრობლემების გარეშე შესაძლებელია ეს ყველაფერი განხორციელდეს. პარლამენტის პიკეტირება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ „ქართული ოცნება“ არ გველაპარაკება, თუ არაფერს გვეუბნება, თუ არ გვეთანხმება, თუ საერთოდ კომპრომისზე არ მიდის, თუ ამბობს, რომ მარტო მე ვარ და ცა ქუდად მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად. პარლამენტის შენობის გარედან კი არა, შენობის სამი შესასვლელის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შევუქმნათ. პრობლემა უნდა შევუქმნათ პარლამენტის, „ქართული ოცნების“ დეპუტაციას თავიდან ბოლომდე. ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივი გამოსავალია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.