აბსურდულია წინადადება, რომ მმართველმა გუნდმა ჯერ არსებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს და შემდეგ ახალი პროექტის ინიცირება განახორციელოს

აბსურდულია წინადადება, რომ მმართველმა გუნდმა ჯერ არსებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს და შემდეგ ახალი პროექტის ინიცირება განახორციელოს

აბსურდულია იმის თაობაზე საუბარი, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, მმართველი გუნდი ახალი ცვლილებების პროექტის ინიცირებას განახორციელებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

”ეს აბსოლუტურად აბსურდული წინადადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ”ქართული ოცნება” ამ კონსტიტუციას სექტემბერში მიიღებს, ხოლო შემდეგ უნდა დაიწყოს ახალი ცვლილებების ინიცირება კონსტიტუციაში, ანუ იგივე პროცესი, რაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, იგივე კარდაკარ განხილვები, შემდეგ უნდა მიიღოს პარლამენტის ერთმა სესიამ, შემდეგ, 2018 წელს, მომდევნო სესიამ და 2018 წლისთვის ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი. კაციშვილმა არ იცის, 2018 წლისათვის რა ვითარება იქნება ხელისუფლებაში”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან გოცირიძემ.

გოცირიძის აზრით, ”ქართულ ოცნებასთან” არანაირ საკითხზე შეთანხმებას აზრი არა აქვს, რადგან მმართველ გუნდს შეთანხმების დაცვა არ შეუძლია.

”ჩვენ უმრავლესობას შევუთანხმდით, ისევე როგორც ვენეციის კომისიას შეუთანხმდა უმრავლესობა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდით. იქ ცუდი რამეებიც ეწერა, მაგრამ მთავარ პრინციპზე, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ეს შეთანხმება შეიცვალა. ესენი შეთანხმებას არღვევენ არა მარტო პარტიებთან, არამედ არც საერთაშორისო ვალდებულებებს უწევენ ანგარიშს. ვის უნდა შევუთანხმდეთ? - დღეს არც პარლამენტში და არც მთავრობაში არ არიან ადამიანები, ვისთან შეთანხმება შეიძლება. საბოლოო ჯამში, ან რომელიმე მაჟორიტარი გამოხტება ან ვინმე წავა და ივანიშვილთან იჩივლებს, ამიტომ ხელისუფლებასთან შეთანხმების მექანიზმი არ არსებობს”, - აღნიშნა გოცირიძემ.

კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა, შესაძლოა ახალი ცვლილებების პროექტის ინიცირება განახორციელოს. ოპოზიციასთან კონსენსუსის შემთხვევაში, მმართველი გუნდი აპირებს საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას და საშემოდგომო სესიაზევე მის პირველი და მეორე მოსმენით მიღებას, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დამტკიცებას. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.

ერთ-ერთ თეორიულ ვარიანტად პრეზიდენტის ვეტოს მექანიზმის გამოყენებაც განიხილება - კერძოდ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში, გაზიარებული იყოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციისთვის შეთანხმებული საკითხები იქნება წარმოდგენილი.