თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ CONNECT 2018-ს უმასპინძლებს

თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ CONNECT 2018-ს უმასპინძლებს

შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის 20 – 23 თებერვალს თბილისში  CONNECT-ის მე-15 ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 500-მდე დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიისა და 250-მდე აეროპორტის წარმომადგენლები. საავიაციო ფორუმის ფარგლებში განხილულ იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებებზე.

Airport Agency-ს აღამსრულებელი დირექტორი, კარინ ბუტოტი: „ბევრი ავიაკომპანია და აეროპორტი ირჩევს CONNECT-ს, მას  მაქსიმალური შედეგები მოაქვს, რადგან შექმნილია ნაკლებად დაძაბული და მეტად პროდუქტიული გარემო. ფორუმის დამსწრეთა 95%-ს მიაჩნია, რომ CONNECT ესადაგება ან აჭარბებს მათ მოლოდინებს. თბილისი არის ზღაპრული მიმართულება და ბევრისთვის დამალული საგანძური... ის ამაყობს ზღაპრული ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თბილისი შესანიშნავად ასახავს CONNECT-ის სულს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი და ხელს უწყობს CONNECT-ის ზრდას, ვინაიდან ჩვენი ღონისძიება მიიზიდავს ახლო აღმოსავლეთის და აზიის უფრო მეტ ავიაკომპანიას და აეროპორტს.“

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, ქეთევან ალექსიძე: „მოხარულნი ვართ, საქართველოში ვუმასპინძლოთ CONNECT-ის მე-15 საავიაციო ფორუმს. ჩვენი ქვეყანა ახლახანს კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებით, რაც საქართველოსთვის არსებითად ზრდის ფორუმში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობას. გვსურს,  მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანაში დამალული საგანძური, ხელუხლებელი ტურისტული პოტენციალი და მოხარულნი ვიქნებით,  CONNECT-ის მონაწილე დელეგატებს სპეციალური ტურები შევთავაზოთ, რათა აღმოაჩინონ თბილისის უნიკალური სილამაზე. ქართული სტუმართმოყვარეობა შესანიშნავ ფონს შეუქმნის ღონისძიების განმავლობაში ახალი კავშირების შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ მალე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დააანონსებს დამატებით სიხშირეებს ევროპის ძირითადი მიმართულებებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს წინსვლასა და განვითარებაში საავიაციო ფორუმი CONNECT-იც თავის როლს შეასრულებს.“

CONNECT 2018-ის შესახებ

ავიამიმართულების განვითარების ღონისძიება, რომელიც მუშაობს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და საავიაციო სფეროში მოღვაწე სხვა მიმწოდებლებისთვის.

2018 წლის 20-დან 23 თებერვლამდე, CONNECT ფოკუსირებული იქნება საჰაერო სერვისის განვითარებაზე და დელეგატებს სთავაზობს:

ულიმიტო პირისპირ შეხვედრებს, რასაც თავად დელეგატები აორგანიზებენ ღონისძიების დაწყებამდე;

CONNECT-ის კონფერენციას, სემინარს და ავიაკომპანიების ბრიფინგ პროგრამას.

CONNECT-ის კონფერენცია შეკრებს ავიაციის სფეროს მნიშვნელოვან წევრებს, რათა განიხილონ არსებული და სამომავლო საკითხები. CONNECT-ის მომხსენებლები სხვა მრავალთა შორის გახლდათ: დევიდ ო ბრაიენი, „რაინეარ“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადელ ალი, „ეარ არაბია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ ვითერლი, „ვესტჯეტ“-ის შემოსავლების მენეჯერი.

სემინარები საავიაციო სფეროსა და მიმართულებების განვითარების შესახებ დელეგატებს აწვდის ინდუსტრიის სიახლეებსა და ანალიზს. შერჩეულ ავიაკომპანიებს საშუალება აქვთ, ჩაატარონ ექსკლუზიური ბრიფინგები, რათა აეროპორტებმა სრულად შეისწავლონ კომპანიის პოლიტიკა და გაიგონ, თუ როგორ უნდა მოერგონ მათ მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.connect-aviation.com

პრესისთვის: press@connect-aviation.com