აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი და მეუღლე საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერების ასლების გადაცემას ითხოვენ.
როგორც ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, საქმის მასალებში არსებული ჩანაწერები 300 საათია და შეუძლებელია სამუშაო სააათების განმავლობაში ოჯახმა მისი გაცნობა დროულად მოახერხოს.
"მე ერთჯერადად მომეცა მასალების გაცნობის საშუალება, ამის შემდეგ არაერთხელ ვითხოვე მასალების გაცნობა და ასლების გადმოცემა. დღეს დაგვიბარეს მე და ქალბატონი ლეილა იმისთვის, რომ მოგვეცეს საქმის ახალი მასალების გაცნობის შესაძლებლობა, მათ შორის ახალი დეტალების", - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ ვიდეო-მასალების გაცნობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა ძველი თბილისის პროკურატურასთან გააკეთა.