მიხეილ სააკაშვილმა თავად აღიარა, რომ მაჟორიტარული სისტემა ხალხის მოთხოვნაა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
ხუნდაძე გადაცემა ”არჩევანში” ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ბევრ კითხვას თავად გასცა პასუხი.
”მთავარი საკითხი იყო ის, თუ რატომ არ შეცვალა ყოფილმა პრეზიდენტმა კონსტიტუციის შეცვლისას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციულით, რასაც დღეს მისი პარტია დაჟინებით ითხოვს. არ ვიცი, სააკაშვილის გულახდილობას მივაწრო, თუ ჟურნალისტის წარმატებად ჩავთვალო, ფაქტია, ყოფილმა პრეზიდენტმა და ”ნაციონალური მოძრაობის” უცვლელმა თავმჯდომარემ თავად აღიარა, რომ მაჟორიტარული სისტემა ხალხის მოთხოვნაა. კითხვაზე, თუ რატომ არ გააუქმა მაჟორიტარული სისტემა კონსტიტუციის შეცვლისას, მან უპასუხა, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინა, რადგან მოსახლეობას სურდა, თავიანთი წარმომადგენელი ჰყოლოდა პარლამენტში. სააკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ თურმე დღეს მოსახლეობა სხვა აზრზეა, რაც ტყუილია. მოსახლეობა დღესაც იგივე აზრზეა და მათ სჭირდებათ თავიანთი წარმომადგენელი პარლამენტში, ვიდრე თვითმმართველობები არ გაძლიერდება. იმედია, ამ განცხადების შემდეგ, ”ნაციონალური მოძრაობა” თავისი ძველი და ახალი დანაყოფებით, ცოტათი მაინც მოთოკავს თავს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და კარგად გაიხსენებს, თუ რატომ არ შეცვალეს თავის დროზე მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.