გუშინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ცენტრალურ მოედანზე, 18 წლის კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა კონცერტი ჩაატარა. ახალგაზრდა მუსიკოსმა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის თანხა არ აიღო.
უფასო კონცერტს 210 ათასი ადამიანი დაესწრო. ჯასტინ ბიბერმა სერ პოლ მაკარტნის რეკორდი გააუმჯობესა. ერთი თვის წინ, მეხიკოს სოკალოს მოედანზე ბრიტანელის გამოსვლას 200 ათასი მსმენელი დაესწრო.
გუშინდელი კონცერტის დასრულების შემდეგ კანადელმა ჭაბუკმა ადგილობრივ მას-მედიას ინტერვიუ მისცა და საკუთარი პერსონა მაკარტნიზე მაღლა დააყენა.
„პოლ მაკარტნი შესანიშნავი მუსიკოსია, მაგრამ მისი დრო უკვე გასულია. თავის დროზე ბრიტანელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამჯერად მას მე ვჯობივარ. მაკარტნი წინა საუკუნეში ჩარჩა, თანამედროვე პოპულარული მუსიკის სახეს კი მე წარმოვადგენ. თავად დარწმუნდით, რომ მეხიკოში ჩემს მოსასმენად ინგლისელზე უფრო მეტი აუდიტორია შეიკრიბა.“ - განაცხადა ამბიციურმა კანადელმა.
ჯერჯერობით უცნობია ბრიტანული მას-მედიისა და თავად სერ პოლ მაკარტნის რეაქცია ახლადგამოჩეკილი „ვარსკვლავის“ ამბიციური გამოხდომის შესახებ.