რამდენიმე დღის წინ გამოცემა „New Musical Express”-ის ჟურნალისტი ცნობილ ინგლისელ მომღერალ ტომ ჯონსს ესაუბრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ასაკოვანმა მუსიკოსმა ერთ საიდუმლოებას ფარდა ახადა.
კომპოზიცია „The Long And Winding Road” ჯგუფი „The Beatles”-ის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერას წარმოადგენს. ის ალბომში „Let It Be” არის განთავსებული.
ტომ ჯონსის მტკიცებით, ეს კომპოზიცია პოლ მაკარტნიმ სპეციალურად მისთვის დაწერა. მხცოვანი მომღერლის აღიარებით, ამ სიმღერას რამდენჯერმე მოუსმინა, არ მოეწონა და მაკარტნის უკან დაუბრუნა.
იმ პერიოდში ლივერპულელი ოთხეული ალბომზე „Let It Be” მუშაობდა. ტომ ჯონსის დაწუნებული სიმღერა პოლმა ჯონ ლენონს მოასმენინა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ მეგობრებმა კომპოზიცია თავიანთ ნამუშევარში განათავსეს.
„იმ ამბიდან 40 წელია გასული. მაკარტნის მიერ გამოგზავნილი სიმღერა არ მომეწონა. წარსულს რომ ვუბრუნდები, ვხვდები რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. სამწუხაროდ დროის მანქანას უკან ვერ დავაბრუნებ. „The Long And Winding Road” მე უნდა შემესრულებინა. სამწუხაროდ ამისი ბედნიერება წილად არ მხვდა და ეს საკუთარ თავს უნდა დავაბრალო“. - განაცხადა ტომ ჯონსმა.