ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ერთ ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„ანსამბლი „რუსთავი“ იტალიაში ტურნეს მართავს. მთელი ერთი თვე მათთან ერთად ვიყავით მე და ჩემი ძვირფასი მეგობარი და რჩეული ქართველი, რევაზ თაბუკაშვილი. ოცდამესამე კონცერტი ტარდება ვენეციის მოედანზე, სამი ათასამდე კაცი ფეხზე დგას, ორი ათასი - ზის. მე ვეღარ ვაქტიურობ, მივეჩვიე ანსამბლის ყოველდღიურ საოცარ ფურორს და თან მეჩქარება, მინდა, კონცერტი დროზე დამთავრდეს, მოედნის კუთხეში ლუდის მაგიდა მაქვს შეკვეთილი...
ჰამლეტ გონაშვილმა „ჩაკრულო“ შეუბერა, დაამთავრა და ჰოი, საოცრებავ, ინგრევა ვენეციის მოედანი ხუთი ათასი მსმენელის ტაშის გრიალით და შეძახილებით. მე ვდგავარ ჩემთვის და ტაშს არ ვუკრავ, ლუდზე ვფიქრობ. გვერდით ვიღაც იტალიელი კაცი ხმამაღლა და უდიერად მომმართავს, მეჩხუბება. ერთი სიტყვა კი მეცნო მისი გამონათქვამებიდან, „ლა დეგენერატო“. იმ წუთში თარჯიმანი მოვიყვანე და საქმეში ჩავერთე. ცალკე მე დავიწყე სიცილი, ცალკე იმ იტალიელმა, როცა გავარკვიეთ, თუ ვინ ვინ იყო და რა მოხდა.
ამ იტალიელ კაცს მეც იტალიელი ვეგონე თურმე და გაოცებული მეჩხუბებოდა, - შე დეგენერატო, უკეთესი რა მოგისმენია, რომ ტაშს არ უკრავ და ამ ხუთი ათას კაცში ერთადერთი უვიცი იტალიელი შენ ხარო.
ჩვენს სიცილ-ხარხარში კონცერტიც დასრულდა და ის იტალიელი ჩვენ წამოგვყვა ლუდის დასალევად.