ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის 50 ლარის ფარგლებში ზრდა შესაძლებელია

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის 50 ლარის ფარგლებში ზრდა შესაძლებელია

ამბობთ, რომ პენსიას ვერ ზრდით, მაშინ როდესაც ბიუჯეტიდან ფული სრულიად აბსურდულ პროგრამებზე იხარჯება, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მისამართით, უმცირესობის სხდომაზე გააკეთა, სადაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

ბოკერიამ “უვარგისი“ უწოდა “აწარმოე საქართველოში“ და “სტარტაპ-ჯორჯიას“ ფარგლებში დაფინანსებულ პროგრამებს და კაკაურიძეს მიმართა კითხვით, აქვს თუ არა სირცხვილი გრძნობა ხალხს, ვისაც მთავრობიდან აღნიშნული პროგრამები დასაფინანსებლად მოაქვს.

“ბიუჯეტში პენსიის ზრდის ან გადასახადების შემცირების შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა? თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ბიუჯეტში არის ისეთი ხარჯები, რომელზეც თქვენც, მეც და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი იტვის, რომ ამაზე ფული არ უნდა იხარჯებოდეს, კარგი იქნება ასეთი ხარჯების შემცირების შედეგად პენსიის ზრდა და მეწარმეებისათვის გადასახადების შემცირება? ისევ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ არის რომელიმე ქვეყნის მთავრობის უცნაური გადაწყვეტილება, რომ თქვენი, ჩემი და ყველას ფულით აფინანსებდნენ, მაგალითად, ნაყინის ჯოხების ბიზნესს ან ფეხსაცმლის კალაპოტების ინოვაციური გზით დამზადების ბიზნესს ან ძველი ქართული საბავშვო თამაშების აღდგენას - “თამაშობანას“ - მათ პოპულარიზაციასა და გაცოცხლებას, ან ძველი ქართული მუცლითმეზღაპრეობის ტრადიციების აღდგენას - დაწყებით სკოლას. აი, ამ ხარჯების გაუქმებით კარგი იქნებოდა პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა და მეწარმეებისათვის გადასახადების შემცირება? აქედან, რაც ჩამოვთვალე მხოლოდ მუცლითმეზღაპრეობის პროგრამა მოვიგონე, რადგან თქვენ და თქვენს მთავრობას ვუყურებ. ყველაფერ დანარჩენს მართლა აფინანსებთ! ამ უვარგისი პროგრამებით - “აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ-ჯორჯია“, სადაც კაცი-შვილმა არ იცის, რა კრიტერიუმებით არჩევთ ან რატომ ერევით საბაზრო ურთიერთობებში. თქვენ რა იცით, რომელი ბიზნესი უნდა განვითარდეს და რომელი - არა?“ - მიმართა ბოკერიამ გიორგი კაკაურიძეს.

ბოკერიამ ასევე „აბსურდული“ უწოდა ლარიზაციის პროგრამას და როგორც განაცხადა, აღნიშნული პროგრამების დაფინანსების შეწყვეტისა და ამავდროულად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის ზრდა 50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

ბოკერიას პასუხად გიორგი კაკურიძემ განმარტა, რომ ნებისმიერი პროგრამის უკან შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი, ხოლო ის პროგრამები, რომელსაც არა აქვს ფინანსური ეფექტი და ეკონომიურად მომგებიანი არ არის, უნდა შემცირდეს.

“ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ პროგრამები“, - აღნიშნა კაკაურიძემ.