“თქვენ მართლა გგონიათ, რომ “ნაციონალები“ ხელისუფლებიდან როდესმე წავლენ? რატომ ატყუებთ ხალხს? ხომ იცით, რომ ერთი 30 წელი ესენი არსად წავლენ?!“ – ეს სიტყვები ერთ–ერთ ქართულ ინტერნეტფორუმზე გასულ კვირას ამოვიკითხე. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ასეთ განწყობებს მავანნი სპეციალურად აჩენენ, თუ ოპოზიციაზე ხალხმა ხელი მართლა სამუდამოდ ჩაიქნია, მაგრამ თუკი ადამიანს უკეთესის შესაცვლელად, არაფრის გაკეთება არ სურს, დაგვერწმუნებით, რომ ის არც არის უკეთესის ღირსი.
გასულ კვირას, პრესა.გე–ზე განთავსებულ, ირაკლი კაკაბაძის სტატიას – “ტოკიოს წერილის შესახებ - პასუხი მამუკა ხერხეულიძის და ნიკა რურუას პროვოკაციას“ საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი მკითხველი, ვატო წერს:
ვატო: “ყველაზე უბედურება არის ის, რომ ქართველი ხალხი მაგარი გაყოფილია და ხალხმა მეგობარი, კოლეგა, ახლობელი... დაკარგა ამ პოლიტიკის გამო. თითქოსდა თუ 90-იანები წარსულს ჩაბარდაო, მაგრამ “ზვიადისტი“, “პუჩისტი“ – ეს ეტიკეტები არასოდეს ჩაბარდება წარსულს. მეც მყავს ერთი (საბედნიეროდ მხოლოდ ერთი) კოლეგა, რომელსაც 2 წელი სალამს არ ვეუბნები, უფრო სწორად ვერ ვეუბნები.
არ შემიძლია და რა ვქნა. ყველას პოზიციას პატივს ვცემ, მართლა, მაგრამ როცა ადამიანს პოზიცია კი არა, რაღაც აჩემებული იდეები აწუხებს და არანაირი საბუთი არ გააჩნია თავის პოზიციის გასამყარებლად, ძნელია მასთან საუბარი. ასეთებს “დაჩმორებულს“ ვეძახი... ბოდიში ყველასთან“.
ბევრ ეგეთ “დაჩმორებულს“ დღეს, სამწუხაროდ, “ეროვნულსა“ და „“პატრიოტს“ ეძახიან. ჩმორი–პატრიოტი მართლაც რომ განსაკუთრებული შემთხვევაა!
სტატიაზე: “პენიტენციალური სისტემა ადამიანების დაშინების ფუნქციას ასრულებს“, ვინმე ბარამბო წერს:
ბარამბო: “ამ ხელისუფლების პირობებში, ვინმეს აქვს გარანტია (მათ შორის ნაცშპანის აქტივისტებსაც), რომ არ მოხვდება ყვარყვარეს ციხეში? მოიხსენით ეგ ვარდისფერი სათვალე! ჩვენი “ძვირფასი ხელისუფლების“ ბევრი აქტივისტი და მაღალჩინოსანიც, ადრე მორალს რომ გვიკითხავდნენ და “ძვირფას“ პრეზიდენტს სამაგალითოდ რომ ჰყავდა, რაღაც ვერ გაუკეთეს ძვირფას პატრონს როგორც უნდოდა (ანუ “პოლნი” წილი ვერ მიუტანეს) და ახლა ისინიც ყვარყვარეს ციხეში ბრძანდებიან!
ისე კი, ციხეს ორი კარი აქვს, ერთი - შესასვლელი და მეორე - გამოსასვლელი და არ დაგავიწყდეთ ნიუტონის მესამე კანონი - ყველა ქმედეა იწვევს უკუქმედებას!“
მართლაც და: ციხე, დაჭერა, ცემა, დაშინება – აი სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად წერენ მკითხველები. ეგებ ამიხსნათ, რატომ?
მივადექით კვირის ზე–რეიტინგულ სტატიას და თემას, სახელწოდებით: “ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა“. თუ გსურთ, ქართულ მახვილსიტყვაობას ბოლომდე ეზიაროთ, ამ თემის გარეშე ბევრ დაკარგავთ.
ბადრი: “უპატრონო ეკლესიას, ეშმაკები დაეპატრონებიანო! ამ 30 წლის წინ, ფეხბუთის მიზეზით, ძალიან დაიძაბა ურთიერთობა სომხებთან და მაშინდელმა კათალიკოსმა – ვაზგენამ მოუწოდა სომხებს, საქართველოსთან ნუ ძაბავთ ურთიერთობას - ეგ ერი ისედაც გადაშენების გზაზეა და მალე მისი ტერიტორია ჩვენ დაგვრჩებაო!
მართლაც, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მხარე - აფხაზეთი უკვე სომხებისაა. მალე ახალქალაქიც მათი იქნება, მერე... და ა.შ. მაგათ ბელადი ჰყავთ და ყველანი კათალიკოსის გეგმით მოქმედებენ. ქართველები კი ამასობაში ერთმანეთს ებრძვიან, პატრიოტებს ხოცავენ, მოღალატეები პატივში ყავთ ცოცხლებიც და ჩაძაღლებულებიც. ჩვენი ისტორიკოსები და აკადემიკოსები კი ხმის ამომღები არ არიან. ეს უვიცები და ლაჩრები“.
კიდევ ეს ლაჩრები... უფრო სწორად “ჩმორები“... 1919 წლის, საქართველო–სომხეთის ომის დროს, ყველაფერი პირიქით იყო, მგონი...
სამაგიეროდ, ყველაფერი ძველებურად არის, სკოლებში მანდატურების შეყვანასთან დაკავშირებით. ძველებურად, ანუ გაურკვევლად. სწორედ ამ საკითხზე დაწერილ სტატიას: “მანდატურებმა მიზანში პედაგოგები ამოიღეს“ ვინმე ირმან ეხმაურება:
ირმან: “მანდატურები სკოლებში დასაწყისშივე “დიდი ამოცანებისათვის” მიავლინა ხელისუფლებამ. ამაში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მასწავლებლების "მონა-მორჩილების" კონტროლი. მანდატურმა თვალყური უნდა ადევნოს (სხვა გაცხადებულ ფუნქციებთან ერთად) პედაგოგებს, მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ა.შ. ეს იმიტომ, რომ პედაგოგი საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობს, ფასობს მისი სიტყვა, გავლენა აქვს საზოგადოებაზე... ამდენად, მორჩილი მასწავლებელი არაჩვეულებრივი “კოზირია” ხელისუფლების ხელში (ყველა სხვა ბერკეტებთან ერთად).
მარტო მანდატურისა და პედაგოგის ხელფასი ცხადყოფს იმას, თუ რომელი უფრო სჭირდება ხელისუფლებას. ახლა არჩევნებზე ნახეთ, რა მომგებიანი იქნება მანდატური სახელმწიფოსთვის (ასცდება სათითაოდ ხმების ყიდვა), ამდენად მანდატურზე “ინვესტირებული ფული”, ნამდვილად “პროგრესული ნაბიჯია” ხელისუფლებისათვის“.
იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა იმ დროს, როდესაც სკოლაში დავდიოდი, მანდატურები რომ შემოეყვანათ. ერთ კარგ საშინელებათა ფილმს ნამდვილად გადაიღებდა კაცი.
“ამერიკული რეიტინგების შედეგი – აშშ–ის მიმართ ნდობის დისკრედიტაცია?“ – ამ თემამ ძირითადად მკითხველების ჩხუბი და ძიძგილაობა გამოიწვია, თუმცა საინტერესო კომენტარებიც ბევრი იყო
ნ.კ.: “სხვადასხვა გაზეთს, სხვადასხვა ტელევიზიაში ერთი და იგივე კითხვა რომ დაუსვათ, მიიღებთ განსხვავებულ პასუხს, იმიტომ, რომ ყველას ყავს თავისი მაყურებელი, თუ მკითხველი. ჩვენ პოლიტიკოსებს, კი ვურჩევდი, იმის ძახილი, რომ ეს კვლევები სიმართლეს არ ასახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან გვატყუებენ, რათა სიმართლე დამალონ, ან კი ღრუბლებში დაფრინავენ და ჰგონიათ სიმართლე ის არის, მათ რაც სურთ. შედეგიც სახეზეა! კატასტროფულად დაბალი რეიტინგი. მე პირადად ვეთანხმები ამ კვლევებს, იმიტომ რომ ეს არის რეალური და ასე ვფიქრობ მეც და ბევრი ჩემი ახლობელი. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თბილისში, იმიტომ რომ თბილისელი ვარ და ვიცი ჩემს ქალაქში რა ხდება. ვინმეს თუ ჰგონია ასეთი პრესტიჟული კვლევების ცენტრი საქართველოსთვის, მსოფლიოში სახელს გაიტეხს, ასეთი ხალხი, სულ მცირე არასერიოზულები არიან“.
დიახ! დღეს ჩვენ ყველანი არასერიოზულები ვართ!
საქართველოს სახელმწიფოს HR პოლიტიკა – რამდენად იყენებს საქართველო ადამიანურ რესურსს?
Codex: “ამ თემაში მინდა რომ შევეხოთ საქართველოს სახელმწიფოს HR პოლიტიკას საზღვარგარეთ მყოფი (ჯერ ისევ) საქართველოს მოქალაქეების მიმართებით.
დავიწყოთ ჯერ დასავლური ფორმალური საუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალგაზრდებით. ვაღიარებთ რა დასავლური განათლების პრიმატს, მეტ-ნაკლებად ხდება, ვთქვათ, კადრების პროფესიონალიზმის “მშენებლობა” პირველ ეტაპზე - ვგულისხმობ უპირველესად პრეზიდენტის რეფორმებისა და განვითარების ფონდს. (ბევრი შეიძლება ვისაუბროთ - დაფინანსების სიმწირესა თუ სელექციის ასიმეტრიულ ინსტრუმენტებზე, მაგრამ აქ ეს თემა არ არის)
ანუ ყოველ წელს გვაქვს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული ქართველი ახალგაზრდების მატება. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელი.
თუმცა საქართველოს სახელმწიფოსთვის უმთავრესი უნდა იყოს უკვე "განათლებული" კადრების ეფიციენტური გამოყენების საკითხი. შეიძლება ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ, მაგრამ “არასწორ” ადგილას მოხვედრისას მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი იყოს დაბალი. ან უფრო უარესი - უპერსპექტივობის/არა საკმარისი პერსპექტივის გამო უკვე ხანგრძლივად დატოვონ ქვეყანა“.
მე ერთი რამ დაანამდვილებით ვიცი – თუ ხარ ნაციონალი, გარანტირებული გაქვს რაიმე სახის სამუშაო; თუ ხარ აქტიური ნაციონალი, სათანადო გამოცდილებით, გარანტირებული გაქვს მაღალანაზღაურებადი სამუშაო; თუ ხარ დასავლური განათლების ნაციონალი, გარანტირებული გაქვს მაღალი პოსტი; თუ ხარ “შესანიშნავი ხუთეულის“ ახლო ნათესავი, გარანტირებული გაქვს სერიოზული ბიზნესის ხელმძღვანელობა.
ანგელა მერკელი: “ტოლერანტული საზოგადოების აშენება უტოპიაა“. როდესაც გერმანიის კანცლერი ხარ, მეტი რაღა უნდა თქვა?
Seriamin: “პარასკევს, პოტსდამში სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა განაცხადა: “მულტიკულტურული, ტოლერანტული საზოგადოების აშენება უტიპიაა. გერმანიაში ჩამოსულმა უცხოელებმა უნდა ისწავლონ გერმანული ენა და შეითვისონ გერმანული ტრადიციები და ღირებულებები“
ჩვენებურად რომ ვთქვათ, სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო. ჩავთვლიდი, რომ ეს კონკრეტულად გერმანიის შიდა საკითხია, მაგრამ ეს აშკარად არ არის მხოლოდ გერმანიის შიდა პოლიტიკის საკითხი. ასე ფიქრობს არა მხოლოდ ანგელა მერკელი. მან გაახმოვანა მაღალი ტრიბუნიდან ის, რასაც ფიქრობს ევროპა. ეს პროცესი ჯერ კიდევ მუსულმანი ქალებისთვის ევროპაში თავსაბურავის ტარების აკრძალვით და შვეიცარიაში მეჩეთის მშენებლობის აკრძალვით დაიწყო.
როგორც ჩანს, ევროპა აპირებს ამოიღოს საკუთარი ღირებულებების სიიდან ტოლერანტობა. სხვანაირდ რომ ვთქვათ, თუ გინდა იცხოვრო ევროპაში, მაშინ იცხოვრე ევროპულად.
მეგობრებო, როგორ მიგაჩნიათ უნდა მივბაძოთ ჩვენც? ის, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უნდა იცხოვროს ისევე როგორც ქართველმა?“
მეც მინდა, რომ ქართული ენა, მინიმუმ, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველას ესმოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ იმის უფლებებს ვარღვევ, ვისაც ქართული, ანუ სახელმწიფო ენის სწავლა ცოცხალი თავით არ სურს.
ჩაის პარტია საქართველოში, ანუ თურმე ლიბერტარიანული ლობი გვჭირდება.
Idinamore: “ეს წუთია, გაიჟღერა “იმედის“ ეთერში სიუჟეტმა, ჩაის პარტიაზე აშშ-ში, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენი ჟურნალისტების ინტელექტმა ყველაფერს გადააჭარბა და მაინც სულელური აქცენტები დაისვა.
ჩაის პარტიის სახელი უკავშირდება მე-18 საუკუნეში ბოსტონელი მეწარმეების ერთ-ერთ ფრიად გაბედულ საქციელს. როდესაც სახელმწიფო ატარებდა უხეშ პროტექციონისტულ პოლიტიკას (ანუ ერეოდა და არეგულირებდა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს) და მფარველობდა მასთანვე კორუპციულ ურთიერთობებში მყოფ ვაჭრებს და თუნდა ისეთი პროდუქტი, როგორიც ჩაია, შემოჰქონდათ მხოლოდ ერთეულებს და სხვებისათვის ეს შეუძლებელი იყო. სწორედ ამ დროს, რამდენიმე ათეული მოხალისე აიპარა ჩინოვნიკებთან გარიგებაში მყოფი ვაჭრების გემზე და რამდენიემ ათასი ყუთი ჩაი გადაუშვა წყალში. აქედან წამოვიდა “ბოსტონური ჩაის სმის” ტერმინი, რომელიც სახელმწიფო მუტანტების ბიზნესში არჩევით ჩარევებს და ლობირებებს ეწინააღმდეგება!
ამ იდეების გამტარებელი საქართველოში კახა ბენდუქიძე იყო და დღესაც პრინციპში იგივეს პროპაგანდირებს სადაც შეუძლია, მაგრამ როგორც იტყვიან, არსებობს რამდენიმე წინააღმდეგობა, თუნდაც მის მოღვაწეობასთან ჟურნალ “ტაბულაში“, რომლის დამფუძნებლიც, ბენდუქიძესთან ერთად დავით კეზერაშვილიც გახლავთ“
ნეტავ, ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე დეპუტატ–რეფორმატორები რას შვრებიან ამ დროს?