თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყატარის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. მან თავის გამოსვლაში ყატარი დაიცვა და განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ყატართან ურთიერთობების განვითარებას.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყატარისთვის დაწესებული სანქციები კარგია. თურქეთი განაგრძობს ურთიერთობების განვითარებას ყატართან, ისევე როგორც ყველა სხვა მეგობარ ქვეყანასთან, რომლებმაც ურთულეს მომენტებში მხარი დაგვიჭირეს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ყატართან, ისევე როგორც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით საუდის არაბეთთან.
თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონის ქვეყნების მოუწოდა, უთანხმოება დიალოგის მეშვეობით გადაჭრან.
„ყატარის იზოლირების ძალისხმევა არ გადაჭრის პრობლემებს. ყატარის როგორც ტერორიზმის მხარდაჭერის წარმოჩენა, სერიოზული ბრალდებაა. მე კარგად ვიცნობ ყატარის ლიდერებს და ასე რომ ყოფილიყო, პირველი მე ვიქნებოდი, ვინც მათ დაუპირისპირდებოდა“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.
5 ივნისს, ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათ ყატარი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.