პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარიმართა, ჩემთვის გაუგებარი იყო

პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარიმართა, ჩემთვის გაუგებარი იყო

პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიდანვე წარიმართა, ჩემთვის, როგორც კონსტიტუციონალისტისთვისაც გაუგებარი იყო, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში უნდა ჩართულიყო.

„პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიდანვე წარიმართა, ჩემთვის, როგორც კონსტიტუციონალისტისთვისაც გაუგებარი იყო. თუ საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციური კანონის მომზადების პროცესში არ იყვნენ ჩართულები უსაფრთხოების ექსპერტები და ეს ქმნის პრობლემას, მაშინ, მითუმეტეს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. სახელმწიფოსთვის მთავარი შედეგია და არა პოლიტიკური პროცესი, ამიტომ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ასეთი მიდგომა არ იყო სახელმწიფოებრივი, არამედ განპირობებული იყო პოლიტიკური პოზიციებით, რაც გამოიხატა, საბოლოოდ, უშიშროების საბჭოს მიერ პოლიტიკური ხასიათის კომუნიკეს შემუშავებაში“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობამ მიიღო პოლიტიკური ხასიათი, რაშიც უშიშროების საბჭო არ უნდა მონაწილეობდეს.

„რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ძალიან დიდი ალბათობით გამოვრიცხავ, რომ ვენეციის კომისია საერთოდ შეეხოს უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხს თავის დასკვნაში, რადგან ის მსჯელობს უშუალოდ წარმოდგენილი პროექტის სამართლებრივ შეფასებაზე და არა იმაზე, უნდა არსებობდეს თუ არა რომელიმე ორგანო, რომელიც წარდგენილი პროექტით არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომაც, უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს მონაწილეობა მიეღოთ კომისიის მუშაობაში. ახლა კი პროცესი დასრულებულია და მასზე არსებითი გავლენის მოხდენა უკვე ფორმალურად შეუძლებელია. შესაბამისად, ამ გავლენის მოხდენის მცდელობამ მიიღო აშკარად პოლიტიკური ხასიათი, რაშიც მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი არ უნდა მონაწილეობდეს“, - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.