ლევან ბოძაშვილი:  უშიშროების საბჭოდან წამოსვლა ჩემს ელჩად დანიშვნას არ უკავშირდება

ლევან ბოძაშვილი: უშიშროების საბჭოდან წამოსვლა ჩემს ელჩად დანიშვნას არ უკავშირდება

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, თანამდებობის დატოვება შვეიცარიის კონფედერაციაში მის ელჩად დანიშვნას არ უკავშირდება.

როგორც ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, უშიშროების საბჭოდან წამოსვლის გადაწყვეტილება, საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტიკური ხასიათის კომუნიკეს მომზადების გამო მიიღო. ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი ტიპის ორგანო, როგორიც უშიშროების საბჭოა, აბსოლუტურად აპოლიტიკური უნდა იყოს და მისი თანამშრომლები მსგავსი ტიპის დოკუმენტებს ხელმოწერებით არ უნდა უერთდებოდნენ.

„პირველ რიგში, დავაზუსტებ, რომ აქ არ არის რაიმე ახალ შემოთავაზებაზე თუ დანიშვნაზე საუბარი. ელჩის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნა მოხდა ორი თვის წინ, ამიტომ ეს ახალი ამბავი არ არის და მითუმეტეს, უშიშროების საბჭოს აპარატიდან წამოსვლას არ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს სხვა სახით იყო წარმოჩენილი, მიზეზი არის აბსოლუტურად სხვა: ჩემი წამოსვლა უკავშირდება იმ მიდგომას და პოზიციას, რომელიც შემუშავდა უშიშროების საბჭოს მიერ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში გამართული შეხვედრების საფუძველზე. როგორც იცით, მომზადდა კომუნიკე, რომელიც, სხვათაშორის, ბოლო მომენტამდე არ მქონდა ნანახი და ბოლო მომენტშიც ვერ შევძელი, რომ საფუძვლიანად გავცნობოდი, თუმცა იმის მიუხედავად, თუ რა შინაარსის იყო, მე, როგორც საჯარო მოხელემ პრინციპულად არ ჩავთვალე საჭიროდ ამ დოკუმენტს ხელმოწერით შევერთებოდი, მითუმეტეს, რომ აღნიშნული კომუნიკე, გარდა იმისა, რომ არის კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემუშავებული, თავისი არსით პოლიტიკური ხაიათისაა. ადრეც ვფიქრობდი, ახლაც მივიჩნევ და მომავალშიც ასე იქნება, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა უერთდებოდნენ ასეთი სახის დოკუმენტს“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

მეტიც, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის თქმით, კომუნიკეში არის ისეთი საკითხებიც, რომელიც მასთან, როგორც კონსტიტუციონალისტის მსოფლმხედველობასთანაც არ არის ბოლომდე თანხვედრაში.

„აქ არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, რომელიც ჩვენც უნდა დავინახოთ და საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ისეთი ტიპის სახელმწიფო ორგანოები, როგორიცაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორგანოები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად აპოლიტიკური. უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული კომუნიკე თავისთავად გამოხატავს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაბამისად ვთვლი, რომ უშიშროების საბჭოს თანამშრომლები არ უნდა ახდენდნენ პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტების მიმართ გარკვეული პოლიტიკური კუთვნილების გამოხატვას ხელმოწერებით. ეს არ არის სწორი პროცესი. მითუმეტეს, რომ კომუნიკეში არის ისეთი საკითხები, რომელიც ჩემი, როგორც ამ შემთხვევაში კონსტიტუციონალისტის მსოფლმხედველობასთან მიმართებაშიც არ არის თანხვედრაში. ასე რომ, ერთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად მისაღებია საჯარო მოხელემ ხელი მოაწეროს პოლიტიკური ხასათის დოკუმენტს, მეორე შემთხვევაში კი გვაქვს მიდგომის შეუთავსებლობა პოზიციასთან, რომელიც იქ იყო წარმოჩენილი“, - განმარტა ბოძაშვილმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი „ელჩად დანიშვნა არის აბსოლუტურად სხვა საკითხი და აღნიშნულსა და უშიშროების საბჭოდან წამოსვლის გადაწყვეტილებას შორის რაიმე ფორმალურ და სხვა კავშირს ვერ ხედავს“.

როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა 5 ივნისს დატოვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ის მიმდინარე წლის აპრილში, მთავრობის წარდგინებით, შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩად დაინიშნა. ბოძაშვილი დიპლომატის უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოდან უნდა შეუდგეს.