სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა არია მაკკონენს შეხვდნენ

სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა არია მაკკონენს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ფინეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არია მაკკონენს შეხვდნენ.

სოფიო ქაცარავამ ფინეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც საქართველოსპარლამენტში 20 ივნისს გაიმართება და სადაც მოწვეული იქნება ყველა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და მიმდინარე რეფორმებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე გამახვილდა.

ელჩის თქმით, ფინეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა. „ფინეთის პარლამენტში შექმნილი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტადდავახლოვდეთ და გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები. ფინეთთან, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანასთან, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, განათლების სფეროშიც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ", -აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე ქართველმა კანონმდებლებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმებზე და საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე, ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაზე, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა.

თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ ევროპის მომავალ სამიტზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ გვჭირდება ფინეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ჩვენი სურვილია, სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში აისახოს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება", - აღნიშნა შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ფინეთის ბიზნეს ფორუმს, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე, ასეთი სახის ფორუმების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე მის გავლენაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ეს არის კარგი საწყისი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიურ და დინამიურ ჭრილში გადასაყვანად. საქართველოში გუშინ გამართული ფორუმი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართულ და ფინურ კომპანიებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ამ გზით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ბიზნეს კონტაქტების გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის უფრო მეტად ამაღლებას ფინეთში, რაც თავის მხრივ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.