ირაკლი კობახიძე: აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტროლის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე: აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტროლის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება

„კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, შედგა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია და  ძალიან ფართო კონსესუსი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის" განხილვის  დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები გამოითქვა, რომელთა უმეტესობაც, გაზიარებულ იქნა. გამოთქმულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შენიშვნა სახელმწიფო  აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტროლს ეხებოდა, რომელიც დღეს საქართველოს კონსტიტუციაში ასახული არ არის. მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, მიზანშეწონილი არ არის, ეს კომპეტენცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჰქონდეს მინიჭებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება.

„დღესაც, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, შედგა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია და შედგა ძალიან ფართო კონსესუსი. კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოითქვა, რომელთა უმეტესობა იქნა გაზიარებული კომიტეტის სხდომაზე, მათ შორის, ჩემს მიერ და დოკუმენტი ამის საფუძველზე გადამუშავდება. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო გამოთქმული შენიშვნები. მათ შორის, ერთ-ერთი შენიშვნა ეხებოდა აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტროლს. დღეს ეს საკითხი არ არის ასახული კონსტიტუციაში და შესაბამისად, არის გარკვეული წინააღმდეგობა კანონსა და კონსტიტუციას შორის. საკითხი დაისვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. იყო მოსაზრება დაფიქსირებული, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდანაც, რომ მიზანშეწონილი არ არის,  აუდიტის სამსახურს ჰქონდეს ეს კომპეტენცია მინიჭებული. ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებდნენ, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, კომისიის სხდომაზე. გვექნება დამატებითი განხილვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. მანამდე, შეგვიძლია, ვიფიქროთ სხვა ალტერნატიულ გადაწყვეტაზე. თეორიულად ეს შეიძლება იყოს პარლამენტი და ჩემი აზრით - არ არის მიზანშეწონილი; ეს შეიძლება იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  აღნიშნა, რომ დღეს პოლიტიკური პარტიების ფინანსური კონტროლი ეფექტიანად არ ხორციელდება, თუმცა, მისივე განმარტებით, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

„ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, ამაში ჩვენ აუდიტის სამსახურს ვერ დავადანაშაულებთ. ჩვენ გვახსოვს განსხვავებული პრაქტიკა 2012 წელს. იმისთვის, რომ ზედმიწევნით განხორციელდეს პარტიების საქმიანობის სრული ფინანსური კონტროლი, საჭიროა, გარკვეული რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, რაც ჩვენ ცუდად გვახსოვს 2012 წლის პრაქტიკიდან და ამას აქვს თავისი ძალიან დიდი მინუსები. ეს არის ობიექტური მიზეზი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=wCuzI6VHdPA