მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება

დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დაწყებულია მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის საქართველოს მიერ სტატუსის მინიჭების საქმის წარმოება, რაც ექსტრადირებას ავტომატურად კრძალავს.

”მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება დღეის მდგომარეობით ვერ მოხდება, ვინაიდან ლტოლვილთა სამინისტროში განხილვის პროცესშია მისი განაცხადი თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმეზე. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, დაუშვებელია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება მოხდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ექსტრადირების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა საერთოდ შეწყდება. თუმცა თუ ემრე ჩაბუქის განაცხადი დაკმაყოფილდა და სტატუსი მიენიჭა, მისი გადაცემა ვერ მოხდება”, - განაცხადა ბარათაშვილმა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სტატუსის მინიჭების თაობაზე უკვე გამოიკითხა გუშინ, ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. დღეს კი სამინისტროში მისი ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი გამოიკითხა.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ბრალი მას თურქეთში აქვს წაყენებული და ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაბუქი თურქული პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მას თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.