მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ.  

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მასწავლებლებს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და სხვა დეტალები გააცნეს.

შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა საკონკურსო ეტაპების ვადები, რომლის მიხედვით, მასწავლებლები, სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ვებგვერდზე www.tprize.ge 14 ივლისამდე შეძლებენ აპლიკაციების შევსებას. განაცხადების ტექნიკური შემოწმება 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო 7 აგვისტოდან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური ჯერ 10 კანდიდატს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა კონსენსუსის საფუძველზე მოხდება.

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“. 

მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები, ასევე, აჭარაშიც გაიმართება.  

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან - „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.