მარიამ ჯაში მონაწილეობდა ფორუმში - „ახალგაზრდების დასაქმება განათლებისა და მეწარმეობის განვითარების გზით საქართველოში

მარიამ ჯაში მონაწილეობდა ფორუმში - „ახალგაზრდების დასაქმება განათლებისა და მეწარმეობის განვითარების გზით საქართველოში"

ფორუმი „ახალგაზრდების დასაქმება განათლებისა და მეწარმეობის განვითარების გზით საქართველოში" მიზნად ისახავს შექმნას პლატფორმა დისკუსიისთვის, რათა შეფასდეს მიღწევები და გამოწვევები, გადაისინჯოს ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები და პრაქტიკა. ფორუმი აერთიანებს მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს და განათლების ექსპერტებს. 

ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, ისაუბრეს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკასა და სტრატეგიებზე, განიხილეს არსებული ხარვეზები, მიღწეული წარმატებები, ასევე, ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების და განათლების საკითხები, როგორც დასაქმების უმნიშვნელოვანესი მექანიზმები. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, განათლებაზე, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, რაც შესაბამისად, გაზრდის მათ წვლილს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, დასაქმება არის განათლების სისტემის რეფორმის ეფექტურობის საბოლოო შედეგი. მისი ინფორმაციით, 2014- 2015 წლებში საქართველოში უმუშევრობის დონე დაბალი იყო, კერძოდ, აღნიშნულ პერიდოში უმუშევრობის მაჩვენებელი 12 %-მდე შემცირდა, რაც მარიამ ჯაშის თქმით, მისასალმებელია.

მარიამ ჯაშმა დასაქმების მიმართულებით ყურადღება გაამახვილა ასაკობრივ ჯგუფებზე. „30 წლამდე ახალგაზრდების ერთი მესამედი არის სამსახურის გარეშე, რასაც რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განაპირობებს, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ახალგაზრდობის დასაქმება არ უნდა ხდებოდეს განათლების სისტემის კომპრომისის პირობებში. ჩვენ გვინდა თაობა, რომელიც იქნება განათლებული, რომელიც სრულად მიიყვანს როგორც პროფესიული განათლების, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურს ბოლომდე და პროფესიული განათლების მიღების შემდგომ, პროფესიის შესაბამისად იქნება დასაქმებული და არა პარალელურ რეჟიმში. პარალელურ რეჟიმში დასაქმება, ბუნებრივი,ა ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა მომზადებული საკადრო რესურსის გაზრდა, ეს ნამდვილად არ წაადგება სისტემას. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მისადაგებული განათლების სისტემის ფორმირებას. ჩვენი პროფესიული განათლების პროგრამები, უმაღლესი განათლების პროგრამები უნდა იყოს მაქსიმალურად შესაბამისი შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებთან", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, უმაღლესი განათლების საფეხურის დამთავრების შემდგომ მხოლოდ 15-დან 20 % -მდე კურსდამთავრებული არ უნდა მუშაობდეს პროფესიით. „მაქსიმალურად უნდა ავამაღლოთ დასაქმების შესაძლებლობები", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 
ფორუმი „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის მიღების მხარდაჭერის პროგრამის" (YES-Georgia) ფარგლებში USAID-ის პროექტებთან G4G და ZRDA-თან თანამშრომლობით გაიმართა.

ფორუმის ორგანიზატორია პროგრამა YES Georgia, რომელსაც ახორციელებს ფონდი „კრისტალი" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, "PH International"-თან და მისო ''კრისტალთან'' ერთად. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას საქართველოში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების გზით და სტაჟირების პროგრამების დანერგვის მხარდაჭერით. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ასევე USAID-ის პროექტები G4G და ZRDA, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდულ პროგრამებზე.