როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მას უნდა ჰქონდეს პრინციპულად უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა ჩვენ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ 9 წლიანმა რეჟიმმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დიმიტრი გვრიტიშვილის დანიშვნის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ზოგადად სასამართლოში იყო სისტემური პრობლემა 9 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ, ამ სისტემური პრობლემის მსხვერპლი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მოსამართლეებიც.
„ბუნებრივია, არ არის პოპულარული იმაზე საუბარი, რომ მოსამართლეები არიან მსხვერპლი, თუმცა კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მოსამართლეთა კორპუსს, თუ არ ვცდები 250 მოსამართლეა საქართველოში და მათ უმეტესობას უწევდა შეხება ისეთ საქმეებთან, რომელთან დაკავშირებითაც კონკრეტული კითხვის ნიშნები არსებოდა. საუბარია ძალიან მძიმე საქმეებზე, მათ შორის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული. აქ ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით ორი ალტერნატიული გზით - ერთი იყო სასამართლო კორპუსში სრული წმენდა, თუმცა ამას ჰქონდა თავისი ნეგატიური მხარეები, მეორე გზა იყო სისტემის შეცვლა და არა სასამართლო კორპუსის. საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, იქნა გადაწყვეტილება მიღებული მეორე მიმართულებით, კერძოდ, არ მოხდა სრული წმენდა სასამართლო კორპუსში. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში რჩებიან მოსამართლეები, რომლებსაც მათ შორის, მონაწილეობა აქვთ მიღებული გარკვეული პრობლემური საქმეების განხილვაში, თუმცა ეს იყო კიდევ ერთხელ სისტემური გადაწყვეტილება. ამოცანა არის სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყეტილებების გარეშე. ამ გზას თავის დროზე სხვა ქვეყნებმაც მიმართეს, მათ შორის, გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ არ შეეხნენ მაგალითად, მოხელეებსა და მოსამართლეთა დიდ ნაწილს. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ როცა საქმე ეხება მოსამართლეს. მას უნდა ჰქონდეს პრინციპულად უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა ჩვენ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ 9-წლიანმა რეჟიმმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოყალიბებული. ტოტალური საკადრო წმენდა სასამართლოში არ განხორციელდა და ეს არჩევანი თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ სასამართლო კორპუსში დარჩებოდნენ ისეთი მოსამართლეებიც, რომლებსაც ძალიან პრობლემურ საქმეებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. იყო ძალიან სერიოზული დილემა, იყო ორი პრობლემური ალტერნატივა და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე ალტერნატივის სასარგებლოდ თავისი პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით“, - განაცხადა კობახიძემ.