ხელისუფლებას დემოკრატიის ტესტი აქვს ჩასაბარებელი: ან კონსტიტუციის პროექტს მივიღებთ კონსენსუსით, ან გვექნება კონსტიტუცია ლეგიტიმაციისგან ძალიან შორს

ხელისუფლებას დემოკრატიის ტესტი აქვს ჩასაბარებელი: ან კონსტიტუციის პროექტს მივიღებთ კონსენსუსით, ან გვექნება კონსტიტუცია ლეგიტიმაციისგან ძალიან შორს

ეს ვერსია ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან, ხოლო პროცესი ასევე ძალიან შორს იქნება დემოკრატიისგან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პროცესი გრძელდება და ის იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგი კვირები გამოყენებული იქნება სწორედ კონსენსუსის მისაღწევად.

”დღევანდელი რეალობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად ყველა ჯგუფი გარდა ხელისუფლებისა, ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხზე თანხმდება და პრაქტიკულად აქვს ერთიანი პოზიცია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აპირებს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებას. ხელისუფლებამ შემოგვთავაზა კონსტიტუციური პროექტი, რომელიც არის ნულოვანი კონსენსუსით მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ არის რესურსი კონსენსუსის მიღწევის, რადგან ახლა ხელისუფლებას აქვს ერთ-ერთი მთავარი ტესტი - დემოკრატიის ჩასაბარებელი”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.