სუს-ის და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა და ამ ოცნებით ვერ ვივლით

სუს-ის და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა და ამ ოცნებით ვერ ვივლით

მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება და სურვილია, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომის მოთხოვნის თაობაზე შეკითხვას.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სწორი შეფასება გაკეთდეს.

"გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით, გამოძიების მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს. ამ საკითხზე საჭიროა, ჯერ გამოძიებამ მოგვაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ იქნება სწორი შეფასებების გაკეთება, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.