პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა

პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა

პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა. დოკუმენტი ბიუროს სხდომაზე ინიცირებულია და საკომიტეტო განხილვების შემდეგ, განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს აუდიტორული შემოწმება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში ჩატარდა, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მომატებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით ხასიათდება. შესწავლილ იქნა ისეთი სექტორები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები.

სულ სამსახურმა 71 აუდიტი ჩაატარა, რამაც ჯამში, 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი მოიცვა.

”ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის: - შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ - 32 მილიონ 8 ათასი ლარი; - საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი; - აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, ხარვეზების გამოსასწორებლად 189 რეკომენდაცია გაიცა.

”ამ დროისთვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%. მაღალპრიორიტეტული რეკომენდაციების მაჩვენებელი დღეისთვის მხოლოდ 22%-ით განისაზღვრება. გასულ წელს რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 40%-ით განისაზღვრებოდა, თუმცა წინა წელთან შედარებით მზარდი მაჩვენებელია თუმცა, შესრულების მაჩვენებელი არ არის მაღალი და მისი გაუმჯობესება საჭიროებს მეტ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აუდიტორული საქმიანობის სარგებელი გამოიხატება არა მარტო რეკომენდაციების გაცემაში, არამედ - მათ შესრულებაში. 2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები“, - აღნიშნეს უწყებაში.