კონსტიტუციური კანონპროექტის ცვლილებების გაცნობის მიზნით დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

კონსტიტუციური კანონპროექტის ცვლილებების გაცნობის მიზნით დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისის მოსახლეობისთვის გრძელდება. საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რედაქცია დიდუბის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო, რომელმაც შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი შედეგები წარუდგინა.

გამოსვლის დასაწყისში, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ქვეყნის უზენაესი კანონით, საპრეზიდენტო რესპუბლიკა საპარლამენტო მმართველობის სისტემით შეიცვალა, თუმცა მისი მომზადების პროცესში უხეშად იქნა დარღვეული საკონსტიტუციო სამართლის პრინციპები, რაზეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არსებობს.

მისივე ინფორმაციით, გარდა მმართველობის სისტემის სამართლებრივი ნორმების გადაცდომისა, მოქმედი კონსტიტუცია უამრავ იურიდიულ ტექნიკის და რედაქციულ ხასიათის ცვლილებებს საჭიროებს. მოსახლეობასთან შეხვედრისას პარლამენტის წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებებით შემოთავაზებულ სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება კონსტიტუციის მეორე თავში, ადამიანის უფლებების რიგი მიმართულებების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო როგორც გენდერულ საკითხებს და ქორწინების განსაზღვრების ჩანაწერის გაკეთებას, ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვას, ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და პირადი სივრცის, კომუნიკაციის და საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობას. დავით მათიკაშვილის გამოსვლის ძირითადი ნაწილი საარჩევნო სისტემების ცვლილებებს - პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს და შერეული სისტემიდან პარლამენტის პროპორციულ წესით არჩევის წესზე გადასვლას შეეხებოდა.

გამომსვლელმა დეტალურად განმარტა საარჩევნო სისტემების შეცვლის აუცილებლობის მნიშვნელობა და დიდუბის მოსახლეობას კონკრეტული არგუმენტები წარუდგინა. მანვე ზეპარტიული პრეზიდენტის მნიშვნელობასა და როგორც დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია-მოვალეობები განიხილა. მისი ინფორმაციით, მომზადებული ცვლილებებით, პრეზიდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმები - სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის წარმდგენი, უცვლელი რჩება და მხოლოდ უფლებამოსილების კუთხით შეინიშნება მცირეოდენი ცვლილებები. გამოსვლის დასასრულს, დავით მათიკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მიწის განკარგვის საფუძვლები ორგანულ კანონში გაიწერება, რომელიც სამართლებრივ ნიადაგს და რეგულაციების ჩარჩო ნორმებს უზრუნველყოფს.

დიდუბის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ივლიანე წულაიამ და ზაზა პაპუაშვილმაც მიმართეს და კონსტიტუციური ცვლილებების მომზადებასა და მათი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება ისტორიული მომენტია, როდესაც მოსახლეობა, საყოველთაო-სახალხო განხილვის რეჟიმში, საკუთარ მოსაზრებებს და წინადადებებს გამოთქვამს, რომლებიც შემდეგ ქვეყნის უზენაეს კანონში აისახება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრზელდა. დიდუბის მოსახლეობა სოციალური სახელმწიფოს ცნებით, გენდერული და შრომითი უფლებების საკითხებით, მოქალაქეობის მინიჭების, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციით, 300 ხმოსნის არცევის წესით, სახელმწიფო ენის პალატის შექმნით და საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებით დაინტერესდა. შეხვედრაზე დასმულ კითხვებს პარლამენტის წევრებმა უპასუხეს.