ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ვიწროპარტიული ინტერესები ფიგურირებდა

ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ვიწროპარტიული ინტერესები ფიგურირებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ცოტა ვიწროპარტიული ინტერესებიც ფიგურირებდა. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს მისი და დეპუტატ გიორგი მოსიძის მიერ წარდგენილი პროექტის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და რუსეთის ქმედებებს ეხება.

”ეს არის სამუშაო ვერსია, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ კოლეგებთან. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ პარლამენტმა მიიღოს ისეთი ერთიანი დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტის ყველა წევრი ერთნაირად იქნება განწყობილი. მესმის, რომ ხინჯი ყოველთვის რჩება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ დოკუმენტი, რომელზეც იქნება საერთო კონსენსუსი. ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტში არის ასახული ის მიდგომები, რომელიც უნდა დაგმოს პარლამენტმა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. მე მიმაჩნია, რომ სწორი აქცენტები იქნება დასმული. ის რეზოლუციის პროექტი, რაც აქამდე იყო შემოტანილი კოლეგების მხრიდან, ანუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, ჩემი აზრით, ცოტა ვიწროპარტიული ინტერესებიც ფიგურირებდა, თუმცა, დიდად არ განსხვავდება ჩვენი დოკუმენტი, საერთო ის არის, რომ ხაზი გავუსვათ იმ დარღვევებს, რასაც რუსეთის მხრიდან ჰქონდა ადგილი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე საქართველოს პარლამენტს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას სთავაზობს.

“ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე“ - ასე ეწოდება რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვარიანტს, რომელზეც დღეს დეპუტატები იმსჯელებენ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის რუსეთის ქმედებებთან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე პარტიულ შეჯიბრში მონაწილეობას არ აპირებს.

”ჩვენ წარვადგინეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩაგვიგდეს ისე, რომ არც კი განიხილეს და არგუმენტებიც კი არ წარადგინეს. თუმცა ჩვენთვის საინტერესოა ტექსტი, რომლის მიღებასაც უმრავლესობა გეგმავს. ეს არის საკითხი, სადაც არ ვაპირებთ პარტიის შეჯიბრში მონაწილეობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტი იყოს ადეკვატური”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.