რუსეთის ქმედებების დაგმობა და ოკუპაციის თემაზე საუბარი, პარლამენტის ვალდებულებაა

რუსეთის ქმედებების დაგმობა და ოკუპაციის თემაზე საუბარი, პარლამენტის ვალდებულებაა

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის რუსეთის ქმედებებთან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე პარტიულ შეჯიბრში მონაწილეობას არ აპირებს.

ტუღუში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს, რომლის ინიცირებაც უნდა მოხდეს და რომელსაც დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

”ზოგადად, რუსეთის ქმედებების დაგმობა და ოკუპაციის თემაზე საუბარი, იქნება ეს რეზოლუციის თუ სხვა დოკუმენტის მიღების სახით, არის პარლამენტის ვალდებულება და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არც კეთილ ნებაზე და არ უნდა გახდეს პარტიებს შორის შეჯიბრის თემა. ეს არის თემა, სადაც უნდა ვიყოთ ერთიანი. ჩვენ წარვადგინეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩაგვიგდეს ისე, რომ არც კი განიხილეს და არგუმენტებიც კი არ წარადგინეს. თუმცა ჩვენთვის საინტერესოა ტექსტი, რომლის მიღებასაც უმრავლესობა გეგმავს. ეს არის საკითხი, სადაც არ ვაპირებთ პარტიის შეჯიბრში მონაწილეობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტი იყოს ადეკვატური”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ”ევროპულ საქართველოს“ ტექსტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდეს და გარკვეული შინაარსისი დამატებაც მოითხოვოს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე საქართველოს პარლამენტს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას სთავაზობს.

“ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე“ - ასე ეწოდება რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვარიანტს, რომელზეც დღეს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.