აშშ-ში რუსეთის ელჩის დისკრედიტაცია აღშფოთებას იწვევს

აშშ-ში რუსეთის ელჩის დისკრედიტაცია აღშფოთებას იწვევს

აშშ-ში რუსეთის ელჩის სერგეი კისლიაკის დისკრედიტაცია აღშფოთებას იწვევს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

აღნიშნულით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს კონტაქტები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან ჯარედ კუშნერთან“.

მისივე თქმით, „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს ელჩის ან რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერი თანამშრომლის სამუშაო კონტაქტების დეტალებს“.

„ეს ის პრინციპია, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ. არა იმიტომ, რომ რამე დისკომფორტს გვგრძნობთ, არამედ იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნულის გასაჯაროვება, სხვადასხვა დონეზე დიპლომატიური კონტაქტების შინაარსზე კომენტარის გაკეთება საგარეო უწყების მუშაობის წესების დარღვევა იქნებოდა“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთქმედებამ ჯერ არ გამოიწვია რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების უკეთესობისკენ ცვლილება.

26 მაისს, ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი რუსეთთან საიდუმლო კავშირების დამყარებას ცდილობდა.

საუბარია 2016 წლის აშშ-ის წინასაარჩევნო პერიოდზე. გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპის სიძესა და აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკს შორის, სულ მცირე სამი საიდუმლო საუბარი შედგა. მათ შორის ორი საუბარი, გასული წლის აპრილის თვიდან ნოემბრის თვემდე შუალედში, ტელეფონის საშუალებით მოხდა. საუბრების მიზანი, დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის „საიდუმლო და უსაფრთხო კავშირების“ დამყარება იყო. მარტის თვეში თეთრი სახლის განცხადება გავრცელდა, სადაც თქვეს, რომ ჯარედ კუშნერი და მაიკლ ფლინი (დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) „ტრამპ თაუერში“ აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს შეხვდნენ, სადაც საკომუნიკაციო არხების შექმნაზე ისაუბრეს.