მიტროპოლიტი ისაია კანონიერ მოქმედებას ასრულებს თავის ეპარქიაში და სხვა ყველა თვითმარქვია გამოდის, ვინც მასთან არ ათანხმებს საეკლესიო საკითხებს

მიტროპოლიტი ისაია კანონიერ მოქმედებას ასრულებს თავის ეპარქიაში და სხვა ყველა თვითმარქვია გამოდის, ვინც მასთან არ ათანხმებს საეკლესიო საკითხებს

მიტროპოლიტი ისაია კანონიერ მოქმედებას ასრულებს თავის ეპარქიაში და სხვა ყველა დანარჩენი თვითმარქვია გამოდის, ვინც მასთან არ ათანხმებს საეკლესიო საკითხებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.

მამა კახაბერი გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის მედიის უკმაყოფილობას იმ ფაქტით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მსახურობენ. მამა კახაბერის შეფასებით, ეს განცხადება ისეთივე უკანონოა, როგორც მათი ე.წ. სახელმწიფო და ე.წ. ეკლესია.

ამასთან, დეკანოზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ეკუთვნის და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი ისაიაა.

” მოგეხსენებათ, ეს არის უკანონო ქმედება მათი მხრიდან, რადგან ცხინვალის რეგიონი ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას. ეს გახლავთ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ეკლესიების მიერ, შესაბამისად, მღვდელმოქმედების აღსრულების უფლება გააჩნია მხოლოდ საქართველოს ეკლესიას აქ და გააჩნია ყველა სხვა ოფიციალურ ეკლესიას ჩვენთან შეთანხმებით. ყველა სხვა ოფიციალურ ეკლესიას, ამ რეგიონში მსახურების აღსრულება რომ მოუნდეს, უნდა შეათანხმოს საქართველოს ეკლესიასთან. მათ შორის, რუსულმა, კონსატანტინოპოლმა და ა.შ... ნებისმიერმა. შესაბამისად, მათი ეს განცხადება ისეთივე უკანონოა, როგორც მათი ე.წ. სახელმწიფო და ე.წ. ეკლესია. ეს გახლავთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია. ეპარქიას ეწოდება ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქია. მისი მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ მიტროპოლიტი ისაია. მიტროპოლიტი ისაია კანონიერ მოქმედებას ასრულებს თავის ეპარქიაში და სხვა ყველა დანარჩენი თვითმარქვია გამოდის ამ შემთხვევაში, ვინც მასთან არ ათანხმებს საეკლესიო საკითხებს”, - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის მედია უკმაყოფილობას გამოთქვამს იმ ფაქტით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მსახურობენ.

როგორც „ოსრადიო“ წერს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის ალანიის ეპარქიასთან“.

„ალანიის ეპარქიის წარმომადგენლები აქ წირვა-ლოცვას არ ატარებენ. ადგილობრივი მღვდელმსახურები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ „აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

გაზეთ „რესპუბლიკასთან“ საუბარში ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართველმა მღვდელმსახურმა მეუფე ისაიამ, დალაპარაკების მცდელობისას მას ოკუპანტი უწოდა და ტაძრის კარები მიუხურა.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა ამ ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ლენინგორის რაიონში ყოფნის საკითხი ჩვენ პრეზიდენტის დონეზე განვიხილეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაუშვებლად მივიჩნევთ, როდესაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე წირვა-ლოცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომელიც არ არის დარეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში და არც აპირებენ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა მან.