ოსური მედია და ადგილობრივი „ხელისუფლება“ ახალგორში ქართველი სასულიერო პირების, მათ შორის მეუფე ისაიას მსახურებას არაკანონიერად და დაუშვებლად მიიჩნევენ

ოსური მედია და ადგილობრივი „ხელისუფლება“ ახალგორში ქართველი სასულიერო პირების, მათ შორის მეუფე ისაიას მსახურებას არაკანონიერად და დაუშვებლად მიიჩნევენ

ოკუპირებული ცხინვალის მედია უკმაყოფილობას გამოთქვამს იმ ფაქტით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მსახურობენ.

როგორც „ოსრადიო“ წერს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის ალანიის ეპარქიასთან“.

„ალანიის ეპარქიის წარმომადგენლები აქ წირვა-ლოცვას არ ატარებენ. ადგილობრივი მღვდელმსახურები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ „აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

გაზეთ „რესპუბლიკასთან“ საუბარში ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართველმა მღვდელმსახურმა მეუფე ისაიამ, დალაპარაკების მცდელობისას მას ოკუპანტი უწოდა და ტაძრის კარები მიუხურა.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა ამ ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ლენინგორის რაიონში ყოფნის საკითხი ჩვენ პრეზიდენტის დონეზე განვიხილეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაუშვებლად მივიჩნევთ, როდესაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე წირვა-ლოცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომელიც არ არის დარეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში და არც აპირებენ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არა ერთხელ მიუღია მონაწილეობა „სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში“.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ფაშიზმის იდეოლოგიაა. ჩვენ კარგად გვახსოვს ილია მეორეს სიტყვით გამოსვლა 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს. გარდა ამისა, საქართველო ხელს არ აწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ აქტს. ამავდროულად კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც ლენინგორის რაიონში მსახურებას ატარებს, თბილისში ოფიციალურად დარეგისტრირებულია როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპი. ეს არაკანონიერია და ჩვენ პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ ამ საკითხში“, - განაცხადა სონია ხუბაევამ.