გიორგი მარგველაშვილი ანდჟეი დუდას ხვდება

გიორგი მარგველაშვილი ანდჟეი დუდას ხვდება

პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის გარდა დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელვა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ამ წუთებში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას მართავენ, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში შედგება.

გიორგი მარგველაშვილი და ანდჟეი დუდა შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ანდჟეი დუდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.

პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს.

ამის პარალელურად, პოლონეთის პირველ ლედის საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებს. მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ჩამოვიდა. ანდჟეი დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება.