პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტისას საუბრის ძირითადი თემები შეეხება საქართველოს შემდგომ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტისას საუბრის ძირითადი თემები შეეხება საქართველოს შემდგომ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე

პოლონეთი ტრადიციულად არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ცხადია, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს საუბრის ძირითადი თემები შეეხება საქართველოს შემდგომ სვლას ამ გზაზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ეს არის პოლონეთის პრეზიდენტ დუდას პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ნატო-ს სამიტის შემდგომ აღნიშნული ვიზიტი. პოლონეთი ტრადიციულად არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ცხადია, საუბრის ძირითადი თემები შეეხება საქართველოს შემდგომ სვლას ამ გზაზე, მით უმეტეს ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, როდესაც ჩვენ სრულიად ახალი ამოცანები გვაქვს დღის წესრიგში.

ცხადია, თქვენ გახსოვთ პოლონეთის მხარდაჭერა ჯერ კიდევ ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის პერიოდში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენ 2008 წლის ოკუპაციის შედეგებს ვიმკით. აქედან გამომდინარე, საუბარი იქნება დეოკუპაციაზე, ანექსიის შეჩერებაზე“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას პრეზიდენტები ისაუბრებენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე, ასევე ხელი მოეწერება ერთობლივ დოკუმენტს.