ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხზე პარლამენტმა შესაძლოა რეზოლუცია მიიღოს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხზე პარლამენტმა შესაძლოა რეზოლუცია მიიღოს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე საქართველოს პარლამენტს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას სთავაზობს.

“ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე“ - ასე ეწოდება რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვარიანტს, რომელზეც დღეს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ განუცხადა, პროექტი მან დეპუტატ გიორგი მოსიძესთან ერთად მოამზადა. “გვინდა პოზიციები შევაჯეროთ და კომისიას ჰქონდეს ერთიანი ხედვა. ამის შემდეგ მოხდება რეზოლუციის პროექტის პარლამენტში ინიცირება“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა 14:30 საათისთვის არის დანიშნული.