არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს

არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს

უმრავლეობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს.

როგორც თალაკვაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუკი იქნება საკონსტიტუციო სამართლისა და იურიდიული თვალსაზრისით დასაბუთებული არგუმენტები ან ვენეციის კომისიის შენიშვნები.

 “ამ ეტაპზე, უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, მიღწეულია შეთანხება იმ პოზიციაზე, რომელიც ასახულია საკონტიტუციო ცვლილებების პროექტში. ეს არის “ბონუსის“, ბარიერისა და ბლოკის იმდაგვარი კონფიგურაცია, რომელიც ჩვენ პროექტში ავსახეთ და რომელსაც კენჭისყრით დავუჭირეთ მხარი. თუ ამ სამი პირობიდან რომელიმესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან რაიმე ტიპის დასაბუთებული იურიდიული რეკომენდაცია იქნება, მაშინ ჩვენ საკითხის განხილვას ხელახლა დავუბრუნდებით. ამ განხილვის ფარგლებში მოხდება როგორც პროპორციული სისტემის მხარდამჭერი არგუმენტების განხილვა, ასევე მაჟორიტარული არჩევნების მხარდამჭერი არგუმენტების განხილვაც. მინდა შეგახსენოთ, რომ როცა უმრავლესობის შიგნით მიდიოდა დისკუსია, თუ რომელი მოდელისთვის შეიძლება ჩვენ მხარი დაგვეჭირა, მაჟორიტარი დეპუტატები და ასევე პროპორციული სიით გასული დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა და მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის მნიშვნელობას საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “პოლიტიკური სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ე.წ. ბონუსის სისტემა რაიმე განსაკუთრებულ უპირატებას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას და ამით პროპორციული სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, პარლამენტის მანდატები მხოლოდ პროპორციული წესით გადანაწილდება. ამასთან, ნარჩუნდება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტია მიიღებს.