საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სერვისზე წვდომა უმარტივდებათ და დღეიდან ამ პროგრამით სარგებლობას ნეიტრალური პასპორტების ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მეშვეობითაც შეძლებენ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოებში, ისე საყოველთაო ჯანდაცვის ოფისებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შეეძლებათ.
„მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მრავალმხრივ სიმბოლურია, რომ აქ, ზუგდიდში შეგვიძლია ამის გაცხადება პირველად და ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხდება ამის გაცხადება. პროგრამაში ჩართვის პრივილეგია აქამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, დღევანდელი დღიდან ეს პრივილეგია ექნებათ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. ეს გაუზრდის მათ წვდომას ამ მართლაც სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ განვაცხადე ამის შესახებ“, - აღნიშნა სერგეენკომ.