ნატო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩართული საერთაშორისო კოალიციისთვის მხარდაჭერის გაფართოვებაზე

ნატო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩართული საერთაშორისო კოალიციისთვის მხარდაჭერის გაფართოვებაზე

დღის წესრიგში ორი მთავარი თემა გვაქვს: ტერორიზმთან ბრძოლაში ნატო-ს როლის გაზრდა და ალიანსის წევრებს შორის ვალდებულებების უფრო სამართლიანი განაწილება, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დღეს ჩვენ მივიღებთ მოქმედების გეგმას, რათა უფრო გავაძლიეროთ ნატო-ს წვლილი. თავის დროზე, ავღანეთში ჩვენი ყველაზე მსხვილი ოპერაცია 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო. ნატო-ს ჯარები განაგრძობენ ავღანეთის ძალების წვრთნას. შევაფასებთ ჩვენი მხარდაჭერის დონეს და ამ მისიის მომავალს. ადგილობრივი ძალების გაწვრთნა ტერორიზმთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩართული საერთაშორისო კოალიციისთვის მხარდაჭერის გაფართოვებაზე.

„ნატო-ს ყველა 28 წევრი ქვეყანა საერთაშორისო კოალიციის წევრია და დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ნატო-ს საერთაშორისო კოალიციაში წევრობის შესახებ. ეს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი იქნება იმის, რომ ნატო მოწოდებულია ტერორიზმს ებრძოლოს. ეს ასევე გააუმჯობესებს ჩვენს კოორდინაციას საერთაშორისო კოალიციასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ჩართული იქნება საომარ ოპერაციებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს შტაბ-ბინის ფარგლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ქსელი შეიქმნება, რაც გააუმჯობესებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესს.

“რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, 2014 წელს ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტს დახარჯავენ თავდაცვაზე, მათ შორის დაიგეგმა მშპ-ის 2%-ის ინვესტირება თავდაცვით ბიუჯეტში. დღეს ჩვენ შევთანხმდებით, ყოველ წელს შევამუშავოთ ეროვნული გეგმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.