საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც დღეს, თბილისის პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებსა და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის წევრებს შორის გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათსა და სხვადასხვა მიმართულებით მათი გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ასეთი სახის ვიზიტები ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე. განვიხილეთ ურთიერთობები როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საგარეო მიმართულებით. ამ ფორმატში ეს პირველი შეხვედრა იყო და ასეთი შეხვედრები ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავებას უწყობს ხელს", - განაცხადა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არჩილ ხაბაძემ.
მხარეები ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას, შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე გაძლიერდება და ორ პარლამენტს შორის ურთიერთობები სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციების ფორმატებში გაღრმავდება.
შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ნაწილში თურქეთის მხრიდან მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს. თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო პოსტ მონიტორინგის ფაზაში გადავიდეს და ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით. დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან და კოლეგებისაგან დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, რომ საქართველოს ვალდებულებები ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესრულებულად ჩაითვალოს და საქართველო უკვე პოსტ მონიტორინგის ეპოქაში გადავიდეს, რაც ევროპის საბჭოში ინტეგრაციის პროცესის დასრულებას ნიშნავს.
ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით და დარწმუნებული ვართ, რომ მეგობრობის ჯგუფი ქართულ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესებაში თავის წვლილს შეიტანს", - განაცხადა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა კიკნაველიძე, ენძელა მაჭავარიანი და მამუკა ჩიქოვანი ესწრებოდნენ.