თუ კლინიკა ”ლანცენტს” ლიცენზია არა აქვს პროკურატურის საქმეა და შესაბამისი სამართლიანი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
”აქამდე იყო ტოტალური დერეგულაცია, 2003 წლიდან გამკაცრდა სანებართვო მოთხოვნები ცალკეული დაწესებულებების მიმართ, დაიყო დონეებად, მათ შორის სამშობიაროები, შემოვიდა არჩევითი კონტრაქტორების მექანიზმი. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ თავიდანა ვიცილოთ ისეთი შემთხვევები რაც ”ლანცეტთან” მიმართებაში დაფიქსირდა”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მოხდეს ისე, რომ არსებობდეს მინიმალური სტანდარტი.
”რაც შეეხება კლინიკა ”ლანცეტს” , თუ მას ლიცენზია არა აქვს, პროკურატურის საქმეა და შესაბამისი სამართლიანი რეაგირება იქნება. ოპერაცია თუ ლიცენზიის გარეშე ჩაატარეს, ეს კანონდარღვევაა. ჯერ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს და სასამართლომ დაადგინოს ჭეშმარიტება”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტის” დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. აღნიშნული პირის დაკავების საქმეზე პროკურატურაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.