ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატისთვის უცნობია, არსებობს თუ არა სხვა ჩანაწერები, რომელიც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას ასახავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, ფარცხალაძის ინტერესების დამცველებმა მოითხოვეს მათთვის კამერების ჩანაწერების გადაცემა, თუმცა მათ ეს კადრები არ გადაეცათ.
”არსებობს თუ არა სხვა კადრები ჩემთვის უცნობია. არ მინდა მიკერძოებული ვიყო და რამე ვთქვა, ამიტომ რა დაინახეთ ამ კადრებიდან თითოეულმა თქვენგანმა ამას აქვს მნიშვნელობა. მე თუ მეკითხებით რა დავინახე - დავინახე ის, რომ ბატონი ლაშა თორდიას მხრიდან ხდება, ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ოთარ ფარცხალაძის მიმართ. არის თუ არა სხვა კადრები, რომელიც ვითარებას სხვა რაკურსით აღწერდა, ამაზე პასუხი პირადად მე არ გამაჩნია, ვინაიდან ჩემთვის უცნობია აქვს თუ არა საგამოძიებო ორგანოს ასეთი მასალა. ჩვენ ვითხოვდით კადრებს და არ გადმოგვეცა, თუმცა ამასობაში საგამოძიებო ორგანომ წარმოადგინა კადრები”, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
გუშინ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებას ასახავს.