რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ტერეზა მეის მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„მტკიცედ ვგმობთ ამ ცინიკურ და არაადამიანურ დანაშაულს. ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა “ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობა განავითაროს როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.