მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - მღვდელს საერო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ აქვს

მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - მღვდელს საერო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ აქვს

მღვდელს საერო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ აქვს. მღვდელმა უნდა მიმართოს ეკლესიას, თავის მღვდელმთავრებს წერილით. ასე, რომ ვფიქრობ, ეს რაღაც გაუგებრობაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვაზე გააკეთა.

დეკანოზ კახაბერის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ დაფუძნებული კომპანიისა და 50 მლნ ევროს ტრანზაქციის შესახებ. რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებას, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართოს, მამა კახაბერი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია, რა თანხებზეა საუბარი და რა მშენებლობები უნდა განხორციელდეს. მე ვსაუბრობ მღვდლის უფლებების შესახებ. მღვდელს არ აქვს უფლება, რომ მიმართოს საერო სასამართლოს. ჩვენი საეკლესიო კანონიკით, უფლება არ აქვს და მით უფრო უჩივის ვის - საპატრიარქოს?! ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის, საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რის მიზეზადაც საპატრიაროს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება სახელდება.