თინა ხიდაშელი რუსეთის მოქალაქეების მიერ „საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტებზე შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს

თინა ხიდაშელი რუსეთის მოქალაქეების მიერ „საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტებზე შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი შს მინისტრს იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.

ხიდაშელის განცხადებით, შს სამინისტრო უუნარო აღმოჩნდა აღესრულებინა ქვეყნის კანონი, რათა ქვეყანაში არ შემოსულიყო ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი. ამასთან, ხიდაშელი რუსეთის ხელისუფლების, მსახიობების, ჟურნალისტების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების სიასაც აქვეყნებს, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ.

”მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტის დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო, როდესაც თქვენი უწყება, უბრალოდ, უუნარო აღმოჩნდა აღესრულებინა ქვეყნის კანონი, თავიდან აეცილებინა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მოგმართოდ წინამდებარე განცხადებით და მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს.

დანაშულის ფაქტის დადგენა სწორედ მას-მედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს. შესაბამისად უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება.

თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე, მანამდე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავება.

პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს ან უარყოფს. უკვე არსებული ინფორმაცია და გავრცელებული ცნობები, ფოტო-მასალა ადგილიდან და ინტერვიუები სოხუმსა და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას.

აღნიშნულ წერილში საიდუმლო არაფერია, ისევე, როგორც საიდუმლო არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატონი ლუჟკოვის ვოიაჟები, ქვემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო თქვენს უწყებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ბატონი ლუჟკოვის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაარკვია მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საკითხი. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გიგზავნით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცნობილი ადამიანის ერთი ოცეულის ვიზიტის შესახებ. ოცეული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პერიოდულად სტუმრობს და გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკითა და მოქმედებით.

იმედია, მათი და მრავალი ასეული სხვა მსგავსი პირის ჩვენს საზღვრებთან გამოჩენამდე მიიღებთ შესაბამის ზომებს პრევენციისთვის.

ეს ადამიანები, და იური ლუჟკოვის მაგალითზე ეს საუკეთესოდ გამოჩნდა, არა მხოლოდ კანონდამრღვევები არიან, არამედ, რუსული რბილი ძალის ამოცანების საუკეთესო გამავრცელებლები.

ამასთანავე, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ფესტივალებს, კონცერტებს, კონფერენციებს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ტარდება, რადგან მათ ხშირად სტუმრობენ რუსული სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლები. შესაბამისად, შავი სიისთვის ბევრი ინფორმაცია, სწორედ, ამგვარი წყაროებიდან გახდება თქვენთვის ცნობილი.

მზად ვარ, მომავალშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია და დაგეხმაროთ თქვენი საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის”, - მიმართავს ხიდაშელი შს მინისტრს.