პარლამენტის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მთავრობასთან გამართული კონსულტაციების შედეგები გააცნეს და თანამშრომლობის სამომავლო ხედვები წარმოადგინეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ეკონომისტების გუნდმა, დეპუტატებთან შეხვედრისას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეკომენდაციებზე და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე, მთავრობასთან შეთანხმებული კონსულტაციების შედეგებს გავეცანით. საუბარია იმაზე, თუ როგორ გახდეს უფრო სწრაფი განვითარების ტემპები და როგორ მოხდეს ჩვენი ეკონომიკის უფრო მეტად ინტეგრირება გლობალურ ბაზარზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავისუფალი ხელშეკრულებები და საბაზრო ურთიერთობები აქვს არჩეული, როგორც ეკონომიკის განვითარების მთავარი მიმართულება. ეკონომიკური გუნდის ექსპერტების განცხადებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება და იმ კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც ამ პროცესს შეუწყობს ხელს, მათი მხარდაჭერის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. საუბარი შეეხო ასევე ზოგადად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მხარდაჭერას და განვითარების პროცესებში ჩართულობის ხარისხის გაზრდას. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ურბანულ განვითარებაზე და მისი აღსრულების მნიშვნელობაზეც გაკეთდა. მთლიანობაში, მიმაჩნია რომ მათი რეკომენდაციების გათვალისწინება საინტერესო იქნება", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები: რომან კაკულია, გრიგოლ ლილუაშვილი, ლევან კობერიძე და პაატა კვიჟინაძე დაესწრნენ, რომლებმაც წარმოდგენილ რეკომენდაციებზე, დარგობრივი მიმართულებებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.