მარიამ ჯაში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

მარიამ ჯაში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ შეხვედრაზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს ეროვნული უმცირესობების ჩართულობის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესები და ეროვნული უმცირესობების განათლებასთან დაკავშირებული პოლიტიკა გააცნო.

„ჩვენ ვისაუბრეთ უმაღლესი განათლების საფეხურზე ე. წ. 1+4 პროგრამის განხორციელების პროგრესზე, რომელმაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ათასობით სტუდენტს მისცა საშუალება, რომ უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართულიყო დამატებით ქართული ენის სწავლების პროგრამის დახმარებით. ვისაუბრეთ, ასევე, პროფესიული განათლების საფეხურის პროგრესზე, რომელიც საშუალებას აძლევს ასეულობით სტუდენტს, მშობლიურ ენაზე ჩააბარონ მისაღები გამოცდები და შემდგომ მოხდეს მათი მხარდაჭერა სახელწმიფო ენის სწავლების თვალსაზრისით", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ეუთო მხარს დაუჭრს განათლების სამინისტროს რომ მრავალენოვანი სწავლების პილოტირება მოხდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწოფო ენის დეპატამენტის ამოქმედების მნიშვნელობაზე. „მისასალმებელია, რომ ეუთოს მისია აქტიურად იყო ჩართული მერვე მოწვევის პარლამენტში „სახელმწიფო ენის" შესახებ კანონის შემუშავების პროცესში. ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომ დეპარტამენტის ამოქმედების შემდეგ მოხდეს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის დაცულობის გაზრდა, არამედ ევროპის ქარტიასთან თანხვედრაში წარიმართოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მუშაობა", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, საკითხები არის მრავალმხრივი და ეხება ეროვნულ უმცირესობებში განათლების სისტემის მიმართულებით როგორც მიღწევებს, ასევე დარჩენილ გამოწვევებს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით მოეწყობა აღნიშნული საკითხების სპეციალური განხილვა. „ალბათ, ერთდღიანი სემინარის სახე მიეცემა ღონისძიებას, სადაც დეტალურად გავივლით განათლების ყველა საფეხურზე ეთნიკური უმცირესობების სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მომავალ გეგმებს.