ვლადიმერ პუტინი:  აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება

ვლადიმერ პუტინი: აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა, „პოლიტიკური შიზოფრენია“ უწოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება, სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა ის ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომ მან ლავროვს რაღაც საიდუმლოება გაუმჟღავნა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ლავროვს ამ თემაზე და ხუმრობით განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს საყვედურს გამოუცხადებს იმის გამო, რომ მას ეს საიდუმლო ინფორმაცია არ გადასცა.

„მომიწევს ლავროვისთვის საყვედურის გამოცხადება, ვინაიდან მან ჩვენ არ გაგვიზიარა ეს საიდუმლო ინფორმაცია, არც მე და არც რუსეთის სპეცსამსახურებს. მისი მხრიდან ეს ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ხუმრობით რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის, ის მზად არის აშშ-ს კონგრესს ლავროვისა და ტრამპის შეხვედრის სტენოგრამა მიაწოდოს.

ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

გაზეთის ინფორმაციით, „ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდის“.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტს, მას სრული უფლება ჰქონდა რუსეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„როგორც პრეზიდენტს მე მსურდა თეთრ სახლში გამართულ ღია შეხვედრაზე ტერორიზმთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტები გამეზიარებინა რუსეთისთვის. ამას ჰუმანიტარული მიზეზები ჰქონდა, პლუს ის, რომ მე მსურს, რუსეთმა გააქტიუროს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.