ბიუროს წევრებმა წუხილი გამოხატეს ირაკლი ხახუბიას ვაჟის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

ბიუროს წევრებმა წუხილი გამოხატეს ირაკლი ხახუბიას ვაჟის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა წუხილი გამოხატეს მათი კოლეგის, პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

შემდეგ კი ბიურომ 17-19 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დააზუსტა. ბიუროს სხდომის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, არსებულ დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა: პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე"; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში; საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს მთავარი აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის გამო.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს და მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა იგეგმება.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება არ გამოიყენონ და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ.