ტრამპი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ ვის გაუზიაროს საიდუმლო ინფორმაცია, ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას

ტრამპი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ ვის გაუზიაროს საიდუმლო ინფორმაცია, ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ ვის გაუზიაროს საიდუმლო ინფორმაცია და მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, - აღნიშნულის შესახებ ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„ის, რასაც ტრამპი ვინმესთან ერთად განიხილავს თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპის საქმეა. ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, ისევე როგორც ჩვენ ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაკეთებთ. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელსაც ვუპირისპირდებით. მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, ტერორიზმის საფრთხეა, რომელიც დიდწილად „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოდის“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

„ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას. დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ხელს უწყობს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მან.

გუშინ, ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

გაზეთის ინფორმაციით, „ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდის“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტს, მას სრული უფლება ჰქონდა რუსეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„როგორც პრეზიდენტს მე მსურდა თეთრ სახლში გამართულ ღია შეხვედრაზე ტერორიზმთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტები გამეზიარებინა რუსეთისთვის. ამას ჰუმანიტარული მიზეზები ჰქონდა, პლუს ის, რომ მე მსურს, რუსეთმა გააქტიუროს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.